სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ.
ლომჯარია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ისინი პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ინტერესებია.
„სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა და ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში, ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი ინტერესები და გავლენები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისათვის, 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.